სამართალი
„რესპუბლიკელების კითხვებს პასუხი სრულად გავეცით, თუმცა მას შემდეგ ახალი საკითხები წამოიჭრა...“– კახი კალაძე „გაზპრომზე“

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ექსპერტების მიერ "გაზპრომთან" დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება.

 „სისულელეებზე საუბარს ჯობია, მოვიდნენ და ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციას მივაწვდი. ისინი "ნაცმოძრაობის" გზას ადგანან და უნდათ, ამ საკითხს პოლიტიკური ელფერი შესძინონ", - განაცხადა კალაძემ. ”გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ  რესპუბლიკელების შეკითხვებთან დაკავშირებით კი მინისტრმა აღნიშნა:

 ”ნოემბერში მათ გამოგზავნილ კითხვებს პასუხი სრულად გავეცით, თუმცა მას შემდეგ ახალი საკითხებიც წამოიჭრა... საერთოდ, გულგრილად ვუყურებ ამ ყველაფერს, რადგან დარწმუნებული ვარ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობ. წარმოიდგინეთ, ბუნებრივი აირის გარეშე თუნდაც ერთი მოქალაქე რომ დარჩენილიყო, ამას რა მოჰყვებოდა... დღეს ”გაზპრომის” წილი გაზით მომარაგებაში მხოლოდ 10%-ია, თუ დამატებით მოცულობაზე შევთანხმდებით, ეს წილი მხოლოდ 12-13%-მდე გაიზრდება. რა რისკი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, თუ სხვა სახელმწიფოზე 13%-ით არის დამოკიდებული? დღეს გაზის მოცულობის მხოლოდ 3%-ით გაზრდაა აუცილებელი, რადგან ”სოკარი” საჭირო მოცულობას ვერ გვაწვდის”, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.