უცხოეთი
ქართული „ავტონომია“ რუსეთში – ხუბუტიამ შექმნა „რუსეთის ქართველთა კავშირი–2“, რომელსაც მისი მეგობარი წურწუმია–სმელინი ხელმძღვანელობს?!

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. რფ–ის იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა ახალი სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ფედერალური ქართული ეროვნულ–კულტურული ავტონომია რუსეთში“. როგორც „ეხო კავკაზა“ იტყობინება, ის დაფუძნებულია სამი დიდი ქართული რეგიონული  – სანკტ–პეტერბურგის, ტვერისა და ივანოვოს - ორგანიზაციის მიერ.

 ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი მოსკოვში განთავსდება, მას სათავეში საზოგადო მოღვაწე და ბიზნესმენი, იურისპრუდენციის სფეროში სამეცნიერო ნაშრომთა ავტორი, წარმოშობით სოხუმელი გიორგი წურწუმია ჩაუდგა.

 ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია ქართველებისა და რფ–ის ტერიტორიაზე მცხოვრები, წარმომავლობით ქართველების გაერთიანება და დაცვა, ქვეყანაში ერთაშორისი კლიმატის გაუმჯობესება, ასევე კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცება რუსეთსა და საქართველოს შორის.

 „ერთ–ერთ უძველეს დიასპორას, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ქართული დიასპორა წარმოადგენს. ამჟამად ჩვენს ყველაზე აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორის პრინციპულად ახალი წარმომადგენლობის სრულფასოვანი, ეფექტიანი, რეალურად მოქმედი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება“, – აღნიშნა წურწუმიამ. უახლოეს ხანებში ახალი ორგანიზაცია პრესკონფერენციისა და პრეზენტაციის გამართვას გეგმავს, იტყობინება პორტალი „ვესტნიკ კავკაზა“.

 საქინფორმისთვის ინტერნეტიდან ცნობილი გახდა, რომ ბატონი გიორგი წურწუმია რუსეთში ცნობილია, როგორც „კანონმდებელი“, მეორე გვარით „სმელინი“, დაბად. 1970 წლის 25 სექტემბერს. აი საქინფორმის მონაცემებით კი იგი ქართული ესტრადის ვარსკვლავი ლელა წურწუმიას ძმა და აწ უკვე ანულირებული „რუსეთის ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტიას მეგობარია. „სანკტ–პეტერბურგის, ტვერისა და ივანოვოს სამი დიდი ქართული რეგიონული ორგანიზაციაც“, რომელთა ბაზაზეც „რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ–კულტურული ავტონომია“ შეიქმნა, ასევე მიხეილ ხუბუტიას „რუსეთის ქართველთა კავშირის“ ყოფილი ორგანიზაციებია. როგორც საქინფორმის წყარო ირწმუნება, წურწუმია–სმელინს კარგი კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან, ანუ მიხეილ სააკაშვილის გუნდთან, მაგალითად, თბილისის ყოფილ მერთან (ამჟამად პატიმარ) გიგი უგულავასთან.