სამართალი
დავით თევზაძე: „ხიდაშელი ცდილობს, თვითონ გამოჩნდეს უკეთესი, ვიდრე მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები არიან“

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. თავდაცვის ექსმინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, რა მოხდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ზუსტად არავინ იცის და ამიტომ მსჯელობა იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი ქართულ ჯარზე, სპეკულაციაა. ამის შესახებ დავით თევზაძე გაზეთ „ახალ თაობას“ ესაუბრა.

 „არ არის კარგი, თუ მოხდა ის, რაზეც ლაპარაკობენ. ერთეული შემთხვევა თუ არის, დიდი ანგარიშით, ჯარის პრესტიჟზე გავლენას არ იქონიებს, თუ საქართველოს აღმოაჩნდა უნარი, რომ სავარაუდო დამნაშავეები გამოავლინოს და დასაჯოს, როგორც ამას მოითხოვს შესაბამისი კანონმდებლობა. წელიწადზე მეტია, ამაზეა ლაპარაკი. მაშინ ითქვა, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არ იკვეთებოდნენ, როგორც დანაშაულში მონაწილეები ან თანამონაწილეები“, - აცხადებს ექსმინისტრი.

 „მინისტრი დარწმუნებული რომ იყოს, უფლებამოსილებას არავის შეუჩერებდა. მინისტრი ცდილობს, თვითონ გამოჩნდეს უკეთესი, ვიდრე მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები არიან. ცოტა უცნაური მოქმედებაა სწორედ მისგან. მით უმეტეს, რომ მინისტრ თინა ხიდაშელის პრაქტიკაში არის გახმაურებულ კაბელების საქმეზე ადამიანების სამსახურში აღდგენა მაშინ, როცა სასამართლო ჯერაც არ დასრულებულა.

 მეორე მომენტია ადამიანები, რომლებიც შეიძლება, საერთოდ არ იყვნენ შეხებაში დანაშაულთან და აღმოჩნდნენ დასჯილები. სჯობდა, მოკვლევა დასრულებულიყო და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება“, - მიაჩნია დავით თევზაძეს.