უცხოეთი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სააკაშვილის არმიის დანაშაულების გამოძიებას იწყებს

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო  საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს გამოიძიებს. სასამართლომ ნება დართო პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაეწყო, ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე 27 იანვარს განთავსდა.

 საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია.

 "მოთხოვნის და დამატებითი მასალების შესწავლის შედეგად, მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ დანაშაული ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას ეკუთვნის. ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგალითად მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე ომის დანაშაულები, როგორიცაა სამოქალაქო პირებზე თავდასხმები, წინასწარ განზრახული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება, ძარცვის ფაქტები, რომლებიც 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში დაფიქსირდა", — ნათქვამია ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.