აქტუალური
თავდაცვის მინისტრის განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე (იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ სექსუალურ მოქმედებებში ქართველი ჯარისკაცების კავშირი იკვეთება) კომენტარი გააკეთა.

 „გასულ კვირას მივიღე ინფორმაცია გაეროდან. იმ დღესვე სამხედრო პოლიციას გამოძიების დაწყება დავავალე. მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება და პროცესს ჩამოვაცილეთ თანამდებობის პირები, რომლებიც ამ საკითხს უშუალოდ კურირებდნენ 2014 წელს - მათ შორის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, რომელიც მისიებს ხელმძღვანელობდა. პირველადი მონაცემებით შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ძალადობა და არავითარი სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფი ფაქტები არ ჩანს. არცერთი მტკიცებულება, ჩვენება, კონკრეტული დოკუმენტი ჩვენ გაეროდან არ მიგვიღია. არის მხოლოდ  პრესრელიზი, რომელიც მათ გამოაქვეყნეს. ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აშენა ქართულმა ჯარმა და რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ, იყოს შენარჩუნებული. თუკი დადასტურდა, რომ ვინმემ ჩაიდინა იმ ფაქტთან ახლოს მყოფი დანაშაულიც კი, რის შესახებაც გაეროს პრესრელიზშია საუბარი, უმკაცრესად დაისჯება სწორედ იმისათვის, რომ ერთი ან ორი ადამიანის ქმედებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჩრდილი არ მიადგეს“, - აღნიშნა თინათინ  ხიდაშელმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.