აქტუალური
იენს სტოლტენბერგი: „ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა ამ ქვეყნებმა უკეთ შეძლონ გარე ზეწოლის გამკლავება“

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა (ნატოს გენერალური მდივნის წლიური ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ). ყოველწლიურ ანგარიშში შეჯამებულია გასულ წელს ალიანსის მიერ მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გატარებული ღონისძიებები, ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციები და მისიები, დეტალები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე, მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში ქალთა როლის გაზრდის შესახებ.

 „აღმოსავლეთით ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა ამ ქვეყნებმა უკეთ შეძლონ გარე ზეწოლის გამკლავება. ჩვენ მათ სხვადასხვა სახით ვუწევთ დახმარებას თავდაცვისუნარიანობის მშენებლობის, ინსტიტუტების მოდერნიზებისა და რეფორმების გაძლიერების კუთხით“, - აღნიშნულია ყოველწლიური ანგარიშის წინასიტყვაობაში.

 ანგარიშის პირველივე თავში იენს სტოლტენბერგი ევროატლანტიკური სივრცისა და ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით 2015 წლის უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეებსა და გამოწვევებს აჯამებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ერთ-ერთ გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპირება დაასახელა. „2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში გამოყენებულმა სამხედრო ძალამ და 2014 წლის მარტში უკრაინის ტერიტორიის ანექსიამ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ხედვას საფრთხე შეუქმნა. რუსეთმა ამ ქმედებებით ჰელსინკის აქტის მიხედვით აღიარებული საერთაშორისო პრინციპები დაარღვია“, - ნათქვამია ყოველწლიურ ანგარიშში.