საზოგადოება
გარდაბანში "ქართულმა ოცნებამ" დიდი უპირატესობით დაიმარჯვა!

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ყველა უბნის მიხედვით წარადგინა:

 ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა ხმების 29,85% (6,851 ამომრჩეველი) მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა  - 70,15% (16,104 ამომრჩეველი).

 როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ხმის დათვლის და შედეგების შეჯამების პროცედურამ, ასევე ოქმებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის საარჩევნო უბნებიდან ოლქში ჩაბარების პროცესმა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა“.

 მან ასევე ისაუბრა ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარ მაჩვენებელზე, რამაც 28 იანვრის საღამოს 8:00 სთ-თვის, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (71,748) 33,13% შეადგინა; შედარებისთვის - 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გარდაბანში ამორმჩეველთა აქტივობა 36,37% იყო.

 „დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა გარკვეული პროცედურული ხარვეზები, რასაც ზეგავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის მიმდინარეობაზე და ამომრჩევლებს მთელი დღის განმავლობაში შეფერხებების გარეშე შეეძლოთ საკუთარი ნების გამოხატვა. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 13 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ საკითხებს ეხება და რომლებსაც კომისია კანონით დადგენილ ვადებში განიხილავს“, – განაცხადა ბრიფინგის ბოლოს ცესკოს სპიკერმა.