სამართალი
„ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 პრემიერმა აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნით ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო, რომელმაც პერსონალური მონაცემების დაცვის კულტურის დამკვიდრების საქმეში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

 „ამ კუთხით განხორციელებული რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესში. რეფორმა დადებითად შეფასდა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც“, - აღნიშნა პრემიერმა.

 „ჩვენს საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს იმის განცდა, რომ საზოგადოების წევრთა პირადი ცხოვრება არ არის დაცული ფარული თვალთვალის, მოსმენისა და შანტაჟისაგან. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამის გასაქარწყლებლად. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მშვიდად  და იცოდნენ, რომ სახელმწიფო ყველა ზომას მიმართავს, რომ ეს მანკიერი, დანაშაულებრივი პრაქტიკა აღარ განმეორდეს და, თუ ვინმე ისევ შეეხება ადამიანთა პირად ცხოვრებას, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.