სამართალი
შს მინისტრის მოადგილეები მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტიორ კომპანიებს და დილერებს შეხვდნენ

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილეები შალვა ხუციშვილი და არჩილ თალაკვაძე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს და

დილერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პარლამენტში ინიცირებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკანონმდებლო პაკეტი, კერძოდ, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეგულაციები განიხილეს.

შალვა ხუციშვილმა და არჩილ თალაკვაძემ სტუმრებს გააცნეს შსს-ს ახალი კანონპროექტის მიზნები. იმპორტიორებს და დილერებს მიეცათ საშუალება, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანისა და რეგისტრაციის შეზღუდვის პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებზე. ყურადღება გამახვილდა ვადებზე, აღნიშნული მანქანების ფასზე და ტექნიკურ გამართულობაზე, მათ გამოყენებაზე ავტოსპორტსა და ტურიზმის სფეროებში, რეექსპორტზე და მოსახლეობის ინფორმირებულობაზე ცვლილებებთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებები და წინადადებები განხილული იქნება ახალი პროგრამის და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე. კანონპროექტში მოცემული და პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრა პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიღების მომენტში მოხდება.