“საიდუმლოდ. თურქეთის რესპუბლიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჰათაის პროვინცია” - საქინფორმი თურქეთის დაზვერვას ამხელს!
რედაქტორისგან
“საიდუმლოდ. თურქეთის რესპუბლიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჰათაის პროვინცია” - საქინფორმი თურქეთის დაზვერვას ამხელს!

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი.

 საქინფორმი აქვეყნებს საიდუმლო დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთი ჯერ კიდევ 2013 წლამდე აგზავნიდა ბოევიკებს სირიაში საომრად, ხოლო 2013 წლის თებერვლიდან თურქეთის ტერიტორიის გავლით სირიაში მოჯაჰედების გადაგზავნის ორგანიზებულ პროცესს თურქეთის ეროვნული დაზვერვა და შსს ჩაუდგნენ სათავეში.

 საქინფორმი აღნიშნავს, რომ ქვემოთ მოტანილი დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გაკვირვებას აღარ უნდა იწვევდეს, თუ რა ადვილად ხვდებიან სირიაში პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩრდილოკავკასიური ეროვნებების საქართველოს მოქალაქეები და ომში რამდენიმე ათეული ათასი დოლარის შოვნის შემდეგ შინ ბრუნდებიან, შვებულებაში. მარშრუტს "საქართველო-სირია: თურქეთის გავლით ხომ მშვენივრად უზრუნველყოფენ თურქეთის ძალოვანი სტრუქტურები (ეროვნული დაზვერვა, შსს), ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები (ჰათაის პროვინციის) და თურქეთის რელიგიის საქმეთა სამინისტრო.

 საქინფორმი ვარაუდობს, რომ ქვემოთ მოტანილი დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ ყოველგვარ აზრს კარგავს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიიპ ერდოღანისა და მისი კლანის თვალთმაქცური მტკიცება, რომ თურქეთს არ აქვს კავშირი სირიის კონფლიქტთან, რომ თურქეთი ებრძვის ტერორიზმსა და „ისლამურ სახელმწიფოს“, რომ თურქეთის საზღვრები ბოევიკების გადაადგილებისთვის, იარაღის, ნავთობის და ნარკოტიკებისა კონტრაბანდისათვის ჩაკეტილია.

 საქინფორმს მიაჩნია, რომ ქვემოთ მოტანილი დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გახშირებული ვიზიტები თურქეთში და პანკისის ხეობაში სრულიად ახლებურად წარმოგვიდგება.

მაშ ასე:

საიდუმლოდ
თურქეთის რესპუბლიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ჰათაის პროვინცია

ნომერი: 21714546-47201(81340) 224-5826/42438
თარიღი: 15/03/2013

თემა: თურქეთის რესპუბლიკის რეგიონული ინტერესების უზრუნველყოფის საფუძველზე  ყოველმხრივი მხარდაჭერის აღმოჩენა ჯაბჰათ ან-ნუსრას მოჯაჰედებისთვის, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე იბრძვიან სირიის პროქურთული “დემოკრატიული კავშირის პარტიის” პოზიციების გაძლიერების წინააღმდეგ და ამგვარად უშლიან ხელს სეპარატისტული ორგანიზაციის “ქურთისტანის მუშათა პარტიის” გაფართოებას ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების ფარგლებში:

მოჯაჰედების განთავსება სოციალური უზრუნველყოფის ობიექტებში, რომლებიც თქვენი პროვინციის (ჰათაი) სახელმწიფო დაწესებულებებს მიეკუთვნებიან.

 

ცირკულარი № 2013/12

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ხორციელდება თქვენი პროვინციიდან სირიაში მოჯაჰედების გადასვლის უზრუნველყოფა სეპარატისტული ორგანიზაციის “ქურთისტანის მუშათა პარტიის” წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც მისი სირიული წარმომადგენლობის - “დემოკრატიული კავშირის პარტიის” ხარჯზე ფართოვდება. ხსენებული მოჯაჰედების რიცხვს, უმეტეს შემთხვევაში, მიეკუთვნებიან ჩეჩენი და ტუნისელი ეროვნების პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან ჯაბჰათ ან-ნუსრას ორგანიზაციასთან და ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სახელმწიფოდან ჩამოდიან. ამასთან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაზვერვის თანამშრომლების უზრუნველყოფას აუცილებელი მხარდაჭერით და თანადგომით, უსაფრთხოებისა და საიდუმლოების სათანადო დონის განუხრელი დაცვის პირობებში.

 

ამასთან დაკავშირებით:

ჰათაის პროვინცია სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ქვეყნიდან (თრ) სირიაში მოჯაჰედების გადასროლის კონტექსტში.

რეგიონის ტერიტორიაზე მოჯაჰედების გადაადგილების, სწავლების და დაჭრილი მოჯაჰედებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა, აგრეთვე საზღვარზე მათი შემდგომი გადასროლა, ძირითადად, თქვენი პროვინციიდან (ჰათაი) განხორციელდება.

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ სადაზვერვო ორგანიზაციას და დაინტერესებულ ორგანოებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება. აღნიშნულ სამუშაოში მათი მოქმედება კოორდინირებული იქნება ჰათაის პროვინციის ხელმძღვანელობასთან.

სახმელეთო ან საჰაერო ტრანსპორტით თქვენს რეგიონში (ჰათაი) მოჯაჰედების გადმოსროლის დროს სხვადასხვა სამოქალაქო დაწესებულების და ორგანიზაციის ჩართვისას აუცილებელია საიდუმლოების დაცვის გაძლიერებული ზომების უზრუნველყოფა.

მიზანშეწონილად არის მიჩნეული მოჯაჰედების განთავსება თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სასტუმრო სახლებში, აგრეთვე, პროვინციის სახელმწიფო სასტუმროებში თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის პირდაპირი მითითებით.

ამ ცირკულარის რეალიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გასაიდუმლოების რეჟიმს.

ცნობები და მოთხოვნები მიჩნეული იქნეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონედ.

 

მუამერ გიულერი,
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი
ხელმოწერა