აქტუალური
კელიმ ლავროვს უპასუხა: „აშშ და საქართველო ტერორიზმს ერთად უპირისპირდებიან“

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში აშშ–ის ელჩი იან კელის განცხადებით, საქართველო და აშშ ტერორიზმს ერთად უპირისპირდებიან. აღნიშნული განცხადებით იან კელი რუსეთის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხე არსებობს.

 „აღვნიშნავ, რომ აშშ და საქართველო ერთად დგანან და ერთად უპირისპირდებიან ტერორიზმს. მოვისმინეთ მოსკოვში გუშინ გაკეთებული განცხადება. ამასთან დაკავშირებით მოვიშველიებდი იმ სიტყვებს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის. მან განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლდება და ჩვენ ამაში საქართველოს სრულად ვუჭერთ მხარს“, - განაცხადა იან კელიმ.

 კელი რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზეც საუბრობს.

 „ჩვენ მივესალმებით პრაგმატულ მიდგომას და არსებული არხების გამოყონებას, რომელიც ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის არსებობს. ეს გახლავთ ჟენევის ფორმატი და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები. ჩვენ საქართველოს ამ მხრივ მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა იან კელიმ.