აქტუალური
საიას პასუხი თინა ხიდაშელს

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ეხმაურება 27 იანვარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც მან სპეც უბნების თაობაზე მედიასთან გააკეთა.

„მინისტრმა უარყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სპეც უბნების საკითხით დაინტერესების ფაქტი და განაცხადა, რომ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მისთვის ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამის პასუხისმგებელი პირისთვის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით არ მიუმართავს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც საიამ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ განვაცხადეთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც სამხედრო ნაწილებში სპეც უბნების გაუქმებას ითვალისწინებს, არსებითად ვერ ცვლის სამხედრო მოსამსახურეების მიერ არჩევნებში მონაწილეობის კუთხით არსებულ პრობლემას და სამხედრო მოსამსახურეების ხმებით მანიპულაციის რისკებს ტოვებს. 

მიგვაჩნია, რომ ასეთი განცხადებები შეუთავსებელია და ვერ შეუწყობს ხელს პრემიერ-მინისტრის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორულ და კონსტრუქციულ ურთიერთობების ორი დღის წინ დეკლარირებულ პოლიტიკას.

ჩვენ მუდმივად მზად ვართ, გავმართოთ ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელთან თუ უწყებასთან საგნობრივი დისკუსია, მაგრამ მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციის გაჩუმების მცდელობა, რა ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს ეს“, – ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.