აქტუალური
„Sund’Or Airlines“ თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯია“–სა და ებრაულ ავიაკომპანია “El Al Israel Airlines”-ის შვილობილ კომპანია „Sund’Or Airlines”-ს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრნენ, რომლის ფარგლებშიც, „ტავ ჯორჯია“–ს  შუამდგომლობით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

„Sund’Or Airlines“ ქართულ ავიაბაზარზე 2016 წლის ივნისიდან შემოდის და ფრენებს თელ-ავივიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში ერთხელ - სამშაბათობით, ხოლო ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს, Boeing 737-800 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.

დღეისათვის „Sund’Or Airlines“ ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს 40 მიმართულებით ახორციელებს, ხოლო „El AlIsrael Airlines” ადგილობრივ და საერთაშორისო ფრენებს 52 მიმართულებით ასრულებს.