საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმქანების შესყიდვას ითვალისწინებს. „დელტას“ მიერ დამზადებული 4X4 სავალი ნაწილის ფორმულის მქონე ჯავშანმანქანა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში 2014 წლის 27 აგვისტოს გაიგზავნა. მანქანის ტესტირებები კი 1 დან 19 სექტემბრამდე გაგრძელდა. სულ ტესტირებაში მონაწილეობდა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა - როგორებიცაა: Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco bearcat.
ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირების ყველა ეტაპი, და გავიდა ფინალში ამერიკულ კომპანია LENCO-სთან ერთად. თუმცა ქართულმა ჯავშანმანქანამ ყველა ტექნიკური პარამეტრით უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდმე მისმა ამერიკელმა კონკურენტმა.
2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით საუდის არაბეთთან გაფორმებულია ხელშეკრულება ასზე მეტი ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე, რომელთა საერთო ღირებულება ას მილიონამდე ლარია. ჯავშანტექნიკის პირველი პარტია 12 მანქანის რაოდენობით საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება.