საზოგადოება
„დიალოგის ფორმატი უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს არის კომპრომისისკენ მიმართული ერთადერთი გზა“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი საზოგადოების ყველა ჯგუფთან, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ინტერპარტიული ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მსგავსი დიალოგის ფორმატი გაგრძელდება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყოველთვის იარსებებს თემები, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდება, თუმცა დიალოგის ფორმატი უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს არის კომპრომისისკენ მიმართული ერთადერთი გზა, რომელიც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს უზრუნველყოფს. შეხვედრების ფორმატში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა, მათ შორის, საარჩევნო სისტემის რეფორმა. ამ თემის გარშემო, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ვადების გარდა, არაერთი საკითხის განხილვა მოხდა. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მოხდეს გარკვეულ თემებზე პოლიტიკური შეთანხმება. იმავე კონტექსტში დასმული პრობლემის გადაჭრა, საარჩევნო პროცესში ე.წ. სპეციალური უბნების შექმნასთან დაკავშირებით, სწორედ მსგავსი შეთანხმებით მოხდა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა ხელისუფლების პოლიტიკური ნება და უახლოეს მომავალში სპეცუბნების დარეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტს  განსახილველად გადაეცემა.