აქტუალური
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამხედრო ქვედანაყოფებში

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმ სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ, რომელთა სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი 28 იანვარს  ხმას სპეციალურ უბანზე მისცემს. მათ შეკითხვებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძემ და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა უპასუხეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს მოგვიანებით I საარტილერიო ბაზისა და IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერებინეს და ჯარისკაცის ულუფითაც გაუმასპინძლდნენ.

 „არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება, ადგილზე გაცნობოდნენ არსებულ მდგომარეობას. ჩვენი შეთავაზება  ბევრმა ორგანიზაციამ მიიღო. სამწუხაროდ, ორგანიზაციების ნაწილი მას არ დასთანხმდა და კანონმდებლობაში ცვლილებების საკითხი დასვა. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროდან ორი დღის წინ გაიგზავნა კანონპროექტი, რომელიც შემუშავდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის  შექმნილი ჯგუფის მიერ - იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, სხვა უწყებათა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. ამ კანონპროექტის საშუალებით  ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება. ერთი მხრივ, სამხედრო მოსამსახურეებს ექნებათ საშუალება, განახორციელონ საარჩევნო უფლების რეალიზაცია ახლომდებარე საარჩევნო უბნებზე და, მეორე მხრივ, სამხედრო ნაწილებსა თუ სხვა ქვედანაყოფებში აღარ შეიქმნება სპეციალური საარჩევნო უბნები“,- განაცხადა არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ ბესიკ ლოლაძემ.