საზოგადოება
ჯუმბერ კირვალიძე: „პრემიერმა კვირიკაშვილმა რუსეთს უნდა შესთავაზოს „აბაშიძე–კარასინის“ ფორმატის გაფართოება“!

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი: „თუ, ქართული ოცნების” ხელისუფლებას სურს დაალაგოს და გააუმჯობესოს ურთიერთობა რუსეთთან, მაშინ ასე არ უნდა აფრთხობდეს “ნაცმოძის” აქტივისტების ყოველი შემოტევა, როგორიც ამ დღეებში ვიხილეთ “გაზპრომის” თემასთან დაკავშირებით. პირიქით, ხელისუფლებამ თამამად უნდა იმოქმედოს და გააღრმავოს სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა სახის კავშირები რუსეთთან, რათა საბოლოოდ მივიდეთ ამ ქვეყანასთან იმგვარ პოლიტიკურ ურთიერთობამდე, რომელიც განაპირობებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სადაც რუსეთი განიხილება, როგორც ერთგვარი გარანტი აფხაზებისა და ოსებისათვის, რადგან რუსეთის ჩაურევლად “მათი დათანხმება საქართველოში ინტეგრაციაზე შეუძლებელი იქნება”! აი, ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ, როცა საუბარია რუსეთთან ან რუსულ კომპანიებთან ურთიერთობებზე. არსებულ სიტუაციაში, როცა სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, ნებისმიერ კონტაქტს თუ კონტრაქტს ენიჭება დიდი მნიშვნელობა. პოლიტიკაში ცნობილი ფორმულაა: “სადაც ვაჭრობენ, იქ არ ომობენ”, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს ის, რომ დღევანდელი ოკუპანტი ხვალ პარტნიორად აქციოს. ანუ, ყველა საშუალება გამოიყენოს, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს და, ამასთანავე, ქვეყნის სახელმწიფო სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. დიახ, აქეთკენ უნდა იყოს მიმართული მთელი ძალისხმევა. ამიტომ, სასარგებლო იქნება, თუ პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვა ინიციატივით და შესთავაზებს რუსებს „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ გაფართოებას. ამის შედეგად, ორივე სახელმწიფო გაზრდის თავისი წარმომადგენლების რიცხვს და უფლებამოსილებას მოცემულ ფორმატში, რაც ხელსშეუწყობს ამ მიმართულებით ორმხრივი პოზიტიური პროცესების დაჩქარებას და განვითარებას, რომელიც მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე!..“.