საზოგადოება
„ლარის კურსის ”დასაჭერად” ბოლო 13 თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 407 მლნ–მდე დოლარი დახარჯა“ – ზურაბ მელიქიშვილი

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი.  ამ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ მელიქიშვილი აკეთებს. დეპუტატის თქმით, ვალუტის კურსი ახლოსაა საგანგაშო ზღვართან – 2,50-თან.

 "ლარის კურსი კვლავ ეცემა. ბოლო 13 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი რეზერვებს ხარჯავს შეუქცევადად და დაახლოებით 407 მილიონი დოლარი არის უკვე რეზერვიდან დახარჯული ისე, რომ უკან ერთი დოლარი არ არის შესყიდული. მცირდება ექსპორტი, ინვესტიციები, მთავრობა კი ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებს და შემოფარგლულია მხოლოდ ზერელე განცხადებებით

 ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას გამოფხიზლდეს. დღეს არ არის პოლიტიკური კინკლაობის დრო. დღეს მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მოსახლეობა და ის, რომ უნდა გადავარჩინოთ ეროვნული ვალუტა. არ შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის ბერკეტების და სავალუტო რეზერვების იმედად ყოფნა, გამომდინარე იქედან, რომ ეს ყველაფერი არის ამოწურვადი", - განაცხადა მელიქიშვილმა.