საზოგადოება
თინა ხიდაშელი პანკისის ხეობის ახალგაზრდობას ქართულ არმიაში იწვევს

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პანკისის ხეობაში სოფელ წინუბანს ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. ხეობაში თავდაცვის მინისტრის განმეორებითი ვიზიტისთვის მზადება დაწყებულია.

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მოლოდინი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში იმედა დარსალია სოფელ წინუბნის მცხოვრებთა პრობლემებს ისმენდნენ და მათ შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ.

მიმდინარე წლის 10 იანვარს პანკისის ხეობის ახალგაზრდებთან შეხვედრისას თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კარი ყველასთვის ღიაა და ხეობის ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

 „ახალგაზრდებს შეკითხვები აქვთ, თუ როგორ, რა გზით და რა ფორმით უნდა იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შემდეგ ამ მიმართულებით დიდი მზაობაა. ამიტომ, უახლოეს პერიოდში ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ვიზიტი შედგება. პანკისის ხეობას კვლავ ესტუმრება თავდაცვის მინისტრი, რომლის შეხვედრაც კონკრეტული პრობლემების მოგვარებზე იქნება ორიენტირებული “, - განაცხადა გიორგი მოლოდინმა.