აქტუალური
„პანიკის საფუძველი არ არსებობს“ – თინა ხიდაშელმა H1N1 პირად კონტროლზე აიყვანა

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. „გრიპის ვირუსის გავრცელების და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ჩვენი ამოცანაავითარება მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ პრობლემა არ წარმოიშვას“,- აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. თინათინ ხიდაშელმა  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსის შემთხვევები გადაამოწმა. პრევენციული ღონისძიების მიზნით გამართულ საგანგებო ვიდეოთათბირზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სტრუქტურული დანაყოფი იყო წარმოდგენილი.

 „საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანაში ბევრი პრევენციული ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მინიმალური იყოს გრიპის გავრცელების რისკი. ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს რამდენიმე  განცხადება გაავრცელა. არც პანიკის, არც არავითარი აჟიოტაჟის მიზეზი არ არსებობს. ჩვენი ხელისუფლების ვალია, მაქსიმალური პრევენცია განვახორციელოთ, რომ პრობლემა არ წარმოიშვას. ჯარი რადგან ყაზარმულად ცხოვრობს, აქ ერთმა ვირუსით დაინფიცირებულმა ადამიანმა შეიძლება პრობლემა შექმნას, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და ამიტომ ჩვენ მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში  ვახორციელებთ. დღეს, საქართველოს მასშტაბით,  ბრიგადის მეთაურებთან ყველა სამხედრო ნაწილი გადავამოწმეთ. ამ წუთას მთელი შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო ჰოსპიტალში სულ 12 ადამიანი გვყავს, ასე რომ, საგანგაშო არაფერია. ჩვენი ამოცანაა, რომ  სამხედრო მოსამსახურე, სიცხის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, თუკი თეორიული შანსი არსებობს რომ მას გრიპის ვირუსი ჰქონდეს, დავითხოვოთ და სამკურნალოდ გავუშვათ, რათა პოტენციურად პრობლემა არ შექმნას“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.