საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სკანდალში გაეხვა. ამის შესახებ სიუჟეტს უკრაინული ტელევიზია ТСН ამზადებს.
როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, სააკაშვილი მარიუპოლის რაიონში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ჩავიდა. იქ გუბერნატორმა ბატალიონ „შტორმის“ მებრძოლები მოინახულა. ამის პარალელურად მან ინტერნეტში უკრაინული პოზიციების შესახებ ინფორმაცია და რუკაც განათავსა, რომლებიც მისი პრესსამსახურის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს.
„ამ ინფორმაციას უკვე აქტიურად ავრცელებენ სეპარატისტების საიტები. სააკაშვილის ვიდეოში ყველაფერი ჩანს - გამაგრებული ადგილები, საიდუმლო სადაზვერვო პოსტი და ოპერატიული რუკაც კი, რომელსაც თან მეთაურის განმარტებები ახლავს. მებრძოლების სახეები დაფარული არ არის“, - ნათქვამია უკრაინელი სამხედროების მიერ გავრცელებულ მიმართვაში. მათი თქმით, ზოგიერთმა მებრძოლმა უკვე მიიღო მუქარის წერილები.
ТСН-ის ინფორმაციით, უკრაინის გენშტაბი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს კონტრდაზვერვის კომპეტენციაა, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, კამერების მიღმა სააკაშვილის საქციელზე ასეთ კომენტარს აკეთებენ - „პოლიტიკური პიარი, რომელიც დივერსიის ტოლფასია“.