აქტუალური
„პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში აღარ უნდა იყოს მითქმა-მოთქმის საგანი“- პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ აკონკრეტებს დაესწრება თუ არა პრეზიდენტის ყოველწლიურ სიტყვით გამოსვლას პარლამენტში, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკითხი აღარ უნდა იყოს მითქმა-მოთქმის საგანი.

 „მიუხედავად ოპონენტების შესაძლო განსხვავებული მოსაზრებისა, ვერავინ გაექცევა იმის აღიარებას, რომ საქართველოში სახეზე გვაქვს ინსტიტუციონალური დემოკრატიის მშენებლობის ძალიან პოზიტიური პროცესი. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, მე მგონია, რომ საერთოდ ეს საკითხები აღარ უნდა იყოს რაღაც მითქმა-მოთქმის და დღის მთავარი თემების საგანი. მე მგონია, რომ საქართველოში არსებობს ინსტიტუციები და მათ უნდა იმოქმედონ ისე, როგორც ინსტიტუციებს შეეფერება და აქ პიროვნული ურთიერთობები უნდა გადავდოთ გვერდზე. ვფიქრობ, ეს ასე უნდა იყოს. იმისთვის, რომ დავამშვიდოთ სიტუაცია, მაქსიმალურად დავწიოთ პოლიტიკური ტემპერატურა და კონცენტრირება მოვახდინოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.