საზოგადოება
გერმანიის ჟურნალისტური კავშირის ყრილობაზე "მოდელირებულ ქრონიკასთან” დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს

modelirebuliგერმანიის ჟურნალისტური კავშირის ყრილობაზე საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციაში ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებული ე. წ. მოდელირებული ქრონიკა მოხსენიებულია, როგორც "შემაშფოთებელი მაგალითი". "მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კლებულობს თავისუფალი და კრიტიკული ინფორმაციის მომზადება-გადაცემის შესაძლებლობა და მზადყოფნა ამისთვის. მიზეზად შეიძლება ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები, ასევე, ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ჟურნალისტებში პროფესიონალიზმის ნაკლებობა ჩაითვალოს. მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე საქართველოშიც. შემაშფოთებელი მაგალითი იყო გაყალბებული გადაცემა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში, რომელიც 2010 წლის დასაწყისში საქართველოში რუსული არმიის თითქოსდა განახლებულ შემოსვლას ეძღვნებოდა",- ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის ეთიკის საბჭოს გერმანიის ჟურნალისტური კავშირის თავმჯდომარემ, მიჰაელ კონკენმა გამოუგზავნა. ქარტიის საბჭოს მიერ "მოდელირებული ქრონიკის" წამყვანი, ქარტიის ხელმომწერი ნათია კობერიძე მიიჩნიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის დამრღვევად. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, კობერიძემ ქარტია დატოვა. გერმანიის ჟურნალისტური კავშირი 1949 წელს შეიქმნა და 30 000-მდე ჟურნალისტს აერთიანებს.