საზოგადოება
თეთრაძე, გირგვლიანი, გლდანის ციხე და რეალური ისტორიები – „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი გოგა ხაინდრავას ფილმში

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ფილმში "9+1", რომელიც ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს უკავშირდება, ასახული იქნება სასამართლო, ციხე და საზოგადოება - რეალური პირები და რეალური ისტორიები. რა ეტაპზეა ფილმის გადაღებები?! რა დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით დაიწერა სცენარი და რომელი გახმაურებული საქმეები მოხვდა ფილმში?! ამ საკითხებზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „2030" ისაუბრა:

 "ზღვა საქმეებიდან მხოლოდ ის საქმეები ამოვარჩიეთ, რომელიც სახელმწიფოს მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულზე იყო დაფუძნებული. მაგალითად, თეთრაძის საქმე მთლიანადაა მოცემული. არის გირგვლიანის საქმე, რომელიც იმდროინდელი ხელისუფლებისთვის ევროპის განაჩენი იყო. ფილმში აღვადგინეთ გლდანის ციხე, რომელიც მოსახლეობის ყველაზე დიდი განსაცდელი იყო. ჩვენი მამები და პაპები ციმბირის ბანაკებშიც იყვნენ, მაგრამ ის უბედურება, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, თანამედროვე მსოფლიოს არ ახსოვს და ვერც წარმოუდგენია", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 კინორეჟისორის თქმით, ფილმში არც ერთი კადრი მისი მოგონილი არ არის.

 „ვფიქრობ, ფილმის ნახვას მაყურებელი გაზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს. უნდა გადავიღოთ 24 სერია, მაგრამ არ ვიცი, ფილმის სრულყოფილად დამთავრებას რამდენად მოვასწრებთ. ფილმში ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულებების სასამართლო პროცესი მიდის. არც ერთი კადრი ჩემი მოგონილი არ არის. ის 1200, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთან ინტერვიუს დაეფუძნა", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.