საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება "Главком"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში დასაქმებულ სხვა ქართველებსაც ჩამოერთმევათ.
„მოქალაქეობის შეწყვეტის და მიღების პროცედურები გაწერილია კანონში "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეობას კარგავს პირი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საქმე გვაქვს კონსტიტუციისა და კანონის ნორმების აღსრულებასთან. გუბერნატორად მისი დანიშვნის შემდეგ ჩვენ უკრაინულ მხარეს მივმართეთ და მათ ოფიციალურად შეგვატყობინეს, რომ მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის შემდეგაც მას შეუწყვიტეს საქართველოს მოქალაქეობა. ახლა იგივე პროცედურა მიმდინარეობს სხვა პირებთან მიმართებაში", - განაცხადა უკლებამ.