საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის როლს სიამოვნებით შეასრულებდა.
„პუტინი იქნებოდა ძალზე, ძალზე, ძალზე საინტერესო როლი, სიამოვნებით ვითამაშებდი მას“, - განუცხადა მსახიობმა გამოცემას.
დი კაპრიომ განაცხადა, რომ პუტინს რამდენიმე წლის წინ სანკტ-პეტერბურგში, ციმბირული ვეფხვის გადარჩენის ფორუმზე, პირადად შეხვდა.
„ჩემი ფონდი მტაცებელი კატების დაცვის რამდენიმე პროექტს ფინანსურად უჭერდა მხარს. პუტინი და მე მხოლოდ ამ დიდებული ცხოველების დაცვაზე ვსაუბრობდით, არანაირი საუბარი პოლიტიკაზე არ ყოფილა“, – დასძინა დი კაპრიომ.
„ლენინიც საინტერესო კინოროლი იქნებოდა. სიამოვნებით ვითამაშებდი რასპუტინსაც. მიმაჩნია, რომ რუსეთის ისტორიაზე მეტი ფილმი უნდა იყოს გადაღებული“, — განაცხადა მსახიობმა.