აქტუალური
ქართული ფენომენი: ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნის მიუხედავად, საქართველოში ბენზინი და დიზელი არასოდეს იაფდება!

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია -აფბა“  მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს აფასებს და  ქართულ საწვავის იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდებს, მოახდინონ მსოფლიო ტენდენციების ასახვა ქართულ ბაზარზე.

 „მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარამდე დაეცა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ბოლო 2 კვირაში ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, ამერიკული ნავთობის ექსპორტზე გასვლა და ჩინური ბირჟების ვარდნაა. ჩინეთი ამერიკის შემდეგ მეორე უმსხვილესი მომხმარებელია, მის ბაზარზე არსებული პანიკა კი ნავთობის ფასის შემცირებას იწვევს. ნავთობის ფასზე გავლენა ვერ მოახდინა ვერც ირანისა და საუდის არაბეთს შორის არსებულმა დაძაბულობამ.  ამ დაძაბულობის ფონზე, ანალიტიკოსთა ნაწილი ნავთობზე ფასის მატებას ვარაუდობდა, თუმცა ნავთობის ფასმა ვარდნა განაგრძო. მსოფლიო ბაზარზე ფასების ვარდნას ხელი შეუწყო საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრის განცხადებამ, რომელშიც, ალი ნამისი აცხადებდა, რომ უახლოეს მომავალში ნავთობის ფასი შესაძლოა 10 დოლარამდეც შემცირდეს. მისივე განცხადებით ასეთ შემთხვევაშიც კი უღირს საუდის არაბეთს მოპოვების კვოტის უცვლელად დატოვება, ვინაიდან საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვება ბევრად უფრო იაფი უჯდება, ვიდრე მაგალითად რუსეთს ან ვენესუელას“, – აცხადებს „აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი და იქვე ქართული საწვავის ბაზარზე არსებულ სიტუაციასაც განმარტავს. „მსოფლიო ბაზარზე ფასები 2 კვირაზე მეტია ეცემა, ეს დრო კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მსოფლიო ტენდენციები ქართულ ბაზარზე აისახოს. როდესაც „აფბამ“ 2015 წლის შემაჯამებელი კვლევა წარმოადგინა, (2015 წლის 21 დეკემბერი) ამ პერიოდისთვსაც, ქართულ ბაზარსა და მსოფლიო ბაზარს შორის გვხვდებოდა 22.41%-ნი უზუსტობა ფასებში. ამ პერიოდიდან 3 კვირაზე მეტი გავიდა და ქართულ ბაზარზე ფასები კვლავაც არ შეცვლილა. მაშინ როდესაც მსოფლიო ბაზარზე ამ პერიოდის განმავლობაში ნავთობზე ფასები 21.05%-ით შემცირდა. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ საწვავის იმპორტიორ კომპანიებს მოახდინონ საწვავის ფასების  გადახედვა“.