აქტუალური
საქართველო: პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2015 წლის 1, 2 და მე–3 კვარტალში 1 მლრდ 19 მლნ $ შეადგინა

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის პირველ სამ კვარტალში, საქართველოში 1019.0 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები არიან აზერბაიჯანი (38.5%), ნიდერლანდები (14.2%) და თურქეთი (10.8%). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.1% ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის, ხოლო ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი კვლავ თბილისია (78.0%).

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, უმსხვილეს ინვესტორთა ხუთეულს ქვეყნების მიხედვით წარმოადგენს: აზერბაიჯანი (38.5%; 392.0 მლნ. აშშ დოლარი), ნიდერლანდები (14.2%; 144.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (10.8%; 110.4 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (8.4%; 85.7 მლნ. აშშ დოლარი) და ლუქსემბურგი (6.1%; 62.3 მლნ. აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მესამე კვარტალში, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესიტიების ყველაზე დიდი რაოდენობა (172.7 მლნ. აშშ დოლარი და 55.4 მლნ. აშშ დოლარი შესაბამისად) დაფიქსირდა.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა სექტორების მიხედვით შემდეგია: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (56.1%), მშენებლობა (11.0%), საფინანსო საქმიანობა (10.8%), დამამუშავებელი მრეწველობა (6.6%), სასტუმროები და რესტორნები (4.4%) და დანარჩენი სექტორები (11.1%).

2015 წლის სამ კვარტალში, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში (74.9%), ასევე ამ სექტორის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში (29.6% პუნქტი). ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა საფინანსო სექტორში (29.6-ჯერ), ხოლო მშენებლობის სექტორში შემცირდა (-47.5%).

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 78.0% თბილისზე მოდის. თბილისის შემდეგ, ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი რეგიონებია სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია (7.4%), აჭარა (7.3%) და ქვემო ქართლი (4.4%).