საზოგადოება
"რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული რომ აქვს, მათი დამსახურებაა, ვინც დღეს ყვირის" - კახი კალაძე

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. "ის, რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტს ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს "გაზპრომთან" მოლაპარაკებებთან დაკავშირებით", - განაცხადა ვიცე–პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას.

 ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი ექსპერტებს შეხვდნენ.

 "გვქონდა შეხვედრა ექსპერტებთან, იმ ადამიანებთან, ვისაც რეალურად ჰქონდათ სურვილი არსებულ სიტუაციას გაცნობოდა, თუ რა ხდება ბაზარზე, რა მდგომარეობაა, რა მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. იყო კითხვები, რომლებსაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავეცით პასუხები. თუ მომავალშიც იქნება საზოგადოების ინტერესი არამხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ, სხვადასხვა მიმართულებებითაც ენერგეტიკის სამინისტრო ყოველთვის იყო მზად, მუშაობდა გამჭვირვალედ და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა კახა კალაძემ და იქვე დასძინა, რომ „მიმდინარეობს მიზანმიმართულად აგორებული კამპანია. გაკოტრებული პარტიები და პერსონები საზოგადოებისთვის თავის შეხსენებასგაზპრომისთემით ცდილობენ“.

 „მათ ეკონომიკა არ აინტერესებთ და საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ. თუ პრობლემა იყო, აქამდე რატომ შემოგვქონდა რუსეთიდან ბუნებრივი აირი?! ან, თუ ელექტროენერგიის მიღება პრობლემა არ არის, გაზის დეფიციტის რუსული აირით შევსება რა პრობლემაა?! ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებულმა ექსპერტმა პირდაპირ დააფიქსირა, რომ “გაზპრომისთვის” სტრატეგიული მნიშვნელობის მილსადენის მიყიდვა შესაძლებელია, ხოლო დამატებითი მოცულობის გაზის ყიდვა - ტრაგედია“, – აღნიშნა  კახი კალაძემ.