საზოგადოება
დავით ნარმანიამ მოადგილედ გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დაასახელა

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ დატოვა   პოსტი, რომელსაც 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა. სოლომონია თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

 თბილისის მერმა დავით ნარმანამ მერის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დაასახელა. გიორგი ლილუაშვილი განათლებით ეკონომისტია. მას აქვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი.

 „გიორგი ლილუაშვილი გახლავთ „ქართუ ჯგუფი“-ს წევრი და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე შპს „ბურჯში“, „ქართუ ჯგუფში“, „ქართუ მშენებელსა“ და ბანკ „ქართუ“-ში. მას გააჩნია ის უნარ-ჩვევები, გამოცდილება და ცოდნა, რაც აუცილებელია, რომ ჰქონდეს კარგ მენეჯერს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად განვაგრძობთ იმ უმნიშვნელოვანესი საქმის კეთებას, რომლის შედეგიც ჩვენი დედაქალაქის - თბილისის განვითარება და წინსვლა იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.