საზოგადოება
პოლიციამ სოფელ წითელწყაროს რწმუნებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

iliaშსს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონულ სამმართველოში სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ტარიელ ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. წინასწარი გამოძიება საჯარო მოხელის მხრიდან ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის მისამართით განხორციელებული მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო. ინციდენტი 14 დეკემბერს დედოფლისწყაროს სასამართლოს შენობაში მოხდა, რა დროსაც სოფლის რწმუნებულმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აიძულებდა, მისი მისამართით გარკვეული ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეეკავებინა: ,,ტარიელ ღარიბაშვილი საქმის გარჩევას ქურდული მეთოდებით ეცადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ სასამართლო დარბაზში მომაყენა. მემუქრებოდა და მაიძულებდა, რომ მასზე წერა შევწყვიტო... ძალზე აგრესიული იყო და მაგინებდა. ეს ყველაფერი დარბაზში მოსამართლისა და მანდატურის შემოსვლამდე მოხდა, ამით რწმუნებულმა დრო იხელთა და ჩემზე ზეწოლა განახორციელა. ის ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე დღით ადრე, ჩემ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მისი გვარი ვახსენე. გამოძიება 151-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს," - განაცხადა საქინფორმთან საუბრისას ილია მარტყოფლიშვილმა. საქმეს დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ჯავახიშვილი იძიებს.