სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა ახალი მოადგილეები წარადგინა

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. როგორც გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე  აღნიშნა, განახლებულ გუნდთან ერთად კიდევ უფრო გაამკაცრებს  ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ:

 „დანაშაულს ჩვენ ვუპირისპირებთ შეუწყნარებელ პოლიტიკას!

 ხაზგასმით ვაცხადებ: არანაირი შეღავათი, არანაირი მოწოდება და თხოვნა, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს, არ იქნება გათვალისწინებული, როდესაც საქმე გვაქვს სამართალდამრღვევთან და დამნაშავესთან!

 მიუხედავად კრიმინალთა დამცველების მხრიდან პოლიციის მიმართ გაჟღერებული პერიოდული ინსინუაციებისა, პოლიცია არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს! იგი იმოქმედებს კანონის, ადამიანის უფლებების სრული დაცვით და გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას დანაშაულთან!

 ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და გამოხატავს უპატივცემულობას პოლიციელისადმი, პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით!

 მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ: ბრძოლა დანაშაულთან იქნება შეურიგებელი, შეუვალი და ჩვენ ერთად ამ გზაზე აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას!“, – განაცხადა შს მინისტრმა.

 გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე ახალი მოადგილეები წარადგინა.

 შს მინისტრის პირველ მოადგილედ ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა. იგი აქამდე შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. შს მინისტრის მოადგილედ ასევე დაინიშნა დავით ვარდიაშვილი, რომელიც სამინისტროში საფინანსო-სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს. შს მინისტრის მოადგილედ, აგრეთვე, დაინიშნა მერაბ მალანია. იგი დღემდე შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

 „ეს არის ჩვენი განახლებული გუნდი. ერთად შევძლებთ გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას!“ - განაცხადა შს მინისტრმა.