საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ეხმაურება ბოლო დროს „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებს და ამ თემის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს.
„წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა ასეთი ტექნიკური ხასიათის შეხვედრები, სწორედ ამიტომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ თემის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ნამდვილად ტოვებს პოლიტიკური ქულების მოპოვების მცდელობის შთაბეჭდილებას. ნებისმიერ ხელისუფლებას მოუწევს „გაზპრომთან“ ტექნიკური ხასიათის შეხვედრების ორგანიზება გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთიდან სომხეთში მიმავალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გადის“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.
„საქართველოს „გაზპრომთან“ ურთიერთობაში, რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწევს, გამომდინარე იქიდან, რომ საბედნიეროდ, გვყავს ძალიან საიმედო პარტნიორი აზერბაიჯანის სახით, რომელიც ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფს საქართველოს გაზმომარაგებას. ის პანიკა, რაც „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკავშირდება გადაჭარბებულია, გამომდინარე იქიდან, რომ თუ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ენერგოსექტორში პრობლემების შექმნის თაობაზე, ეს მიზანი ძალინ მარტივად განხორციელდება „გაზპრომის“ გარეშეც. როგორც ვიცით, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით, გარკვეულწილად, რუსეთზეა დამოკიდებული და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით საქართველო საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე დადგება“, - განაცხადა გვიდიანმა.
ანალიტიკოსის თქმით თავად აზერბაიჯანული მხარეც საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობს რუსულ „გაზპრომთან“ და გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად აზერბაიჯანი რუსულ ბუნებრივ აირს იყენებს.