პოლიტიკა
მიშას მმართველობის ზენიტში, მარგველაშვილი GIPA -ს დირექტორად დაინიშნა, რაც კითხვებს ბადებს - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს იყო შიში, რის გამოც, ქვეყნის განვითარება ფერხდებოდა.

„ახლა შიში აღარ არსებობს. მოსახლეობის მოლოდინი ქვეყნის უფრო სწრაფი განვითარება იყო. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენა იქონია. შედეგები გვაქვს, თუმცა, არა მაქვს განცდა, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობს.

წარსულის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მარგველაშვილზეც. ის აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერი იყო, მაგრამ 2010 წელს, მიშას მმართველობის ზენიტში, ის GIPA -ს დირექტორად დაინიშნა. ეს, ბუნებრივია, კითხვებს ბადებს. ადამიანმა, რომელმაც კონსტიტუციის 20 წლისთავი ზარ-ზეიმით აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის არაკონსტიტუციურად აკრძალვა, არ შეიმჩნია...

არ ვიცი, პაატა ბურჭულაძეს რა ადამიანური, პოლიტიკური თუ ფინანსური რესურსები აქვს. ვიცი, რომ კარგად მღეროდა... წინა ხელისუფლების დროს, ბურჭულაძის ფონდს განსაკუთრებული მდგომარეობა ჰქონდა. ვფიქრობ, მისი საქმიანობა ხელისუფლების მხრიდან კონტროლირებადი იყო.

ჩემი თვითმიზანი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა, ეკოლოგია და საგარეო პოლიტიკაა და არა რომელიმე თანამდებობის დაკავება", - განაცხადა, კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "GDS"-ის გადაცემა "2030" - ში.