საზოგადოება
საქართველოში უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გაიხსნა

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ტექნოლოგიური პარკის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ინოვატორებისთვის განკუთვნილი, ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე დაათვალიერა, შეხვდა ინოვაციური პროექტებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, გაეცნო მათ იდეებს და უახლოეს უქმეებზე ტექნოპარკში შეხვედრა შესთავაზა.

 „ეს არის 5-მილიონიანი პროექტი, რომელიც ერთ წელიწადში დაიწყო და დამთავრდა. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ეს არის სივრცე, სადაც სრულდება თანამშრომლობა სამ ძირითად მიმართულებას შორის: აკადემიას, ანუ სამეცნიერო მიმართულებას, ეკონომიკას, ანუ ქვეყნის სამეწარმეო წრეებსა და მთავრობას, ანუ შესაბამის სამთავრობო უწყებებს შორის. ეს არის პირველი მოდელი საქართველოში, სადაც ამ ტიპის თანამშრომლობა ამ სამ მიმართულებას შორის შედგა. მე არ შემიძლია დავმალო ჩემი შთაბეჭდილება, როდესაც ვნახე, თუ რამხელა პოტენციალია ჩვენს ახალგაზრდებში ინოვაციური მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა შეუძლებელია ინოვაციაზე, კვლევასა და განვითარებაზე დაფუძნებული დარგების განვითარების გარეშე, ამიტომ ეს ცენტრი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იქნება სწორედ ის სივრცე, სადაც მოხდება დაფუძნება და პირველი ეტაპის გავლა იმ კომპანიების მხრიდან, რომლებსაც ამ მიმართულებით განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნიათ“, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

ტექნოპარკის მშენებლობა 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარს შეადგენს.