უცხოეთი
მერკელმა განაცხადა, რომ ლტოლვილების მისაღებად ევროპა მოუმზადებელია

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ევროპა მიგრანტების კრიზისის კონტროლს ჯერ კიდევ ვერ ახერხებს – აღნიშნული განცხადება  გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქალაქ მაინცში გამართულ ბიზნეს ღონისძიებაზე გააკეთა.

მერკელის თქმით, ევროპული ვალუტა მთლიანად დამოკიდებულია შენგენის ზონაში თავისუფალ გადაადგილებაზე, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის მიგრანტების კრიზისის ფონზე. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ თუ საზღვრების კონტროლი ისევ გაგრძელდა, ამის შედეგად ევროპის ბაზარი სერიოზულად იზარალებს.

პარალელურად გერმანიის ქალაქ ლაიფციგში 2 ათასამდე ადამიანი ანგელა მერკელის პოლიტიკისა და მუსლიმებისთვის თავშესაფრის მიცემის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქცია ანტიისლამური ლოზუნგებით რამდენიმე დღის წინ კიოლნში მომხდარ თავდასხმებს უკავშირდებოდა, სადაც მიგრანტებისგან შემდგარი დაჯგუფება ფიგურირებდა.