საზოგადოება
აბაშიძეების ოჯახს ვან დეიკის ტილოში, რომელიც თურქეთში 14 მლნ დოლარად შეაფასეს, 7 ათასი გადაუხადეს

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. აბაშიძეების ოჯახის განცხადებით, თურქეთში აღმოჩენილი ვან დეიკის ტილო მათი საკუთრებაა. ეკა აბაშიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედთან" ისაუბრა. ის ამბობს, რომ ნახატი მათთან წლების მანძილზე ინახებოდა და მისი გაყიდვა 2010 წელს გადაწყვიტეს.

 „მე ვიცი ინიციალები, რომლითაც შეიძლება ამ ნახატის ამოცნობა. ყველა გადმყიდველმა იცოდა, რომ ჩვენ ვყიდდით ამ ნახატს. ბოლოს მოვიდა ორი ადამიანი, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ გავყიდით ამას თურქეთშიო. იმ პერიოდში სასწრაფოდ გვესაჭიროებოდა თანხა და ამიტომ მივეცით ეს ამ ხალხს გასაყიდად", - ამბობს ეკა აბაშიძე.

 ოჯახში ყვებიან, რომ ისინი წლების მანძილზე ცდილობდნენ ტილოს ავტორის დადგენას, თუმცა მხოლოდ იმის დაზუსტება შეძლეს, რომ ნახატი ჰოლანდიელი მხატვრის ფუნჯს ეკუთვნოდა.

 როდესაც ოჯახმა ტილოს გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, ნახატი სპეციალისტს შეაფასებინა და დაადგინა, რომ ის 80 იდან 100 ათას დოლარამდე ღირდა. ოჯახი განმარტავს, რომ ყიდვის მსურველებთან მათ ხელშეკრულება გააფორმეს და ტილო 37 ათას დოლარად გაყიდეს,თუმცა თანხის მხოლოდ ნაწილი მიიღეს.

 „სასწრაფოდ გვჭირდებოდა ფული, ამიტომ რეალურად გადაგვიხადეს 7 ათასი ლარი თუ დოლარი აღარ მახსოვს. წავიდა ეს ხალხი, გაიტაცეს სურათი, ერთი სულ გვეკონტაქტებოდა ტელეფონით, გვატყუებდა თურქეთშიაო. ვეუბნებოდით გვითხარი ვინ არის რომ დავიბრუნოთ ჩვენი ნახატი აღარ გვინდა არაფერითქო",- ამბობს ეკა აბაშიძე.

 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის გამო ოჯახმა სასამართლოსაც მიმართა და პროცესი მოიგო, თუმცა პირი, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ღირებული ქონების მფლობელი არ აღმოჩნდა. ადვოკატის თქმით, მისი ავტომობილი დააყადაღეს.

 შეგახსენებთ, რომ 14 მილიონ დოლარად შეფასებული ტილო თურქეთის პოლიციამ სტამბულში აღმოაჩინა. თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად მას ქართველი ბიზნესმენები ყიდდნენ და ტილო თურქეთში საქართველოდან შეიტანეს. მოგვიანებით შსს-მ საქართველოსთან ამ ფაქტის კავშირი უარყო. ექსპერტების წინასწარი შეფასებით ნახატი ორიგინალია.