საზოგადოება
190 პოლიტპატიმრიდან 60 სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა - არასამთავრობო ორგანიზაციების ახალი მონაცემები

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ე.წ. პოლიტპატიმართა სიის შესწავლის შემდეგ, ბევრი ისეთი ადამიანი აღმოაჩინა, რომლებიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა და მათ პოლიტიკურ პროცესებთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, 190 ადამიანისგან შემდგარ პოლიტპატიმართა სიაში 60 მსჯავრდებული სასჯელს სწორედ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციისთვის იხდიდა.

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივრით პროკურატურას მიმართა და, სიაში მყოფი პირების საქმეების გამოკვლევასთან ერთად, კომისიის წევრთა პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს კომისიის სხვა წევრებთან ერთად კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. „ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ცენტრმა“ დარღვევები პოლიტპატიმართა სიის გარდა პოლიტდევნილთა ნუსხაშიც აღმოაჩინა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, გამოძიება მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე დაიწყო და, სავარაუდოდ, იმ საქმესთან გაერთიანდა, რომელიც შეწყალების კომისიის მუშაობის პროცესში პოლიტიკოსების ჩარევას და პატიმრებთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებს ეხება.