საზოგადოება
როგორ აღნიშავდნენ უფლის შობის დღესასწაულს საქართველოში

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. შობის დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესი დღეა საქრისტიანოში, რომლისთვისაც სამზადისი და მისი აღნიშვნა საქართველოში 24(6 იანვარს) დეკემბერს იწყებოდა.

ამ დღეს პურის მარცვლის ფაფა იხარშებოდა, რომელსაც ეწოდებოდა: ჭანტილა (სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი) ან კორკოტი (იმერეთი, გურია, სამეგრელო), ქრისტეს კორკოტი (ქართლი, თუშეთი), ცხრაწვენა (ქართლი, კახეთი) და სხვა.

ზემო სვანეთში ორ სუფრას შლიდნენ, ერთს ცოცხლებისთვის და მეორეს მიცვალებულებისთვის. ორივე სუფრაზე მუჯორმოსხმული თესლი (კორკოტი), ერთი სანთელი და ლობიანი პურები ეწყო.

რაჭაში სავახშმოდ სამ განატეხს აცხობდნენ. ანთებული სანთლიანი განატეხი, ჭიქა ღვინო, ჭანტილა გობში ეწყო. მლოცველი, ქალი ან კაცი, ამ გობს ცეცხლის ახლოს სამჯერ შემოატრიალებდა და შეულოცავდა ანუ ილოცებდა: ღმერთო რამდენი კაკალი ეს არის, იმდენი სიკეთე მოგვეცი, იმდენი კოდი ხვარბალი მოგვეცი, იმდენი თეთრი და ქონება მოგვეცი.

სამეგრელოში შობას, ისევე როგორც სხვაგან, წინ უძღოდა საშობაო მარხვა. ქისე-პიჩუა, როგორც მას ეძახდნენ, 15/28 ნოემბერს იწყებოდა და შობამდე გრძელდებოდა. შობის წინა დღეს საშობაო ღორს კლავდნენ. ხორცის ჭამა დილამდე, გახსნილებამდე იკრძალებოდა.

გურიაში სამზადისის დროს ღვეძელს (რიტუალური პური) მიცვალებულებისთვისაც აცხობდნენ.

23 (5 იანვარი) დეკემბერს ქართლში, ხოლო 24 (6 იანვარს) დეკემბერს კახეთში, ერწო-თიანეთში, გუდამაყარში იცოდნენ წინასაშობაო რიტუალების შესრულება. ამ დღეს თხილობას, ფხოწაობას ეძახდნენ.

თუშეთსა და ხევში ყველაფერს, რაც განათხოვრებული ჰქონდათ, ამ დღეს იბრუნებდნენ – “ქრისტეს და წელწადის ღამეს სახმარმა ნივთებმა, პირუტყვმაც და კაცმაც თავის ჭერქვეშ უნდა გაათენოსო”.

შობის წინა საღამოს იკვლებოდა საშობაო ღორი. შემდეგ ყველა ოჯახში მიდიოდნენ  მგალობლები, ე. წ. ქრისტეს მახარობლები, 3 – 4 კაცისაგან (ან ქალისაგან) შემდგარი ჯგუფები, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ და ოჯახებს შობას ულოცავდნენ. მეალილოეები მღეროდნენ ალილოს, რომლის ტექსტის მრავალი ვარიანტი არსებობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.