2010 წლის 18 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის მღვიმური სხდომა გამართა: სათაფლიის გამოქვაბულში ეკოლოგიის სამინისტროში გაჩაღებულ საყოველთაო კორუფციაზე, ქართული ტურიზმის ბრწყინვალე პერსპექტივებსა და, აგრეთვე, ფასების კატასტროფულ ზრდასა და ინფლაციაზე მსჯელობდნენ, რაც ხალხისთვის თაფლი სულაც არაა...
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი უწინაც ხშირად ლაპარაკობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარების გზებზე, რომელიც ტურიზმს უნდა ეხსნა (ანაკლიის პლაჟზე, ბათუმში მშენებარე სასტუმროს სახურავსა და ლეპოტას ტბაზე გამართულ მთავრობის სხდომებზე), ვითარება, რომელშიც დღეს ხალხი აღმოჩნდა, სულაც არაა ისეთი მშვენიერი, როგორადაც მას „რუსთავი 2“ გვიხატავს...
კატასტროფული კონტრასტი ტელევიზიით ხელისუფალთა საუბარსა და აუტანელ სინამდვილეს, რჩეულთა „გლამურსა“ და ხალხის შიმშილს შორის მკვეთრად მოქმედებს მასების ფსიქიკაზე და საქართველოში ესოდენ მოხშირებული სუიციდების ერთ-ერთი მიზეზია! ხალხი ადექვატურად აღარ აღიქვამს სინამდვილეს, ტელეპროპაგანდის მძლავრი “ნარკოტიკული“ ზემოქმედების ქვეშ უკვე ვერ ასხვავებს სიმართლესა და სიცრუეს და, პროსამთავრობო მედიის მიერ დაზომბებული, ეჭვობს: „თუკი ყველაფერი ასე კარგადაა, მე კი ასე ცუდად ვარ, ეგებ, სრულ ჭკუაზეც არ ვარ?!“
„ყველა მინისტრი, პარლამენტარი, მერი და პირადად მე თქვენს სატელეფონო ზარებს ვუპასუხებთ და ყველას ეცოდინება ჩვენი მობილური ტელეფონების ნომრები!“ – შეგვპირდა პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც სიცრუე აღმოჩნდა: საცნობარო „09“-ში დარეკვისას იგებ, რომ ყველა მინისტრისა და მათი მოადგილეების საქალაქო, ასევე, დედაქალაქის მერიის სამსახურების ტელეფონები „დაფარულია მფლობელების სურვილით“ (?!). ჩვენ კი მხოლოდ „ცხელი ხაზებისა“ და კომუტატორების სატელეფონო ნომრებს გვთავაზობენ, რომლებიც ჩვეულებრივ „დაკავებულია“...
ჩვენი მაღალჩინოსნების მობილურ ტელეფონებზე ლაპარაკიც ზედმეტია. „არ ვიცით!“, „ვერ გეტყვით!“ – გვპასუხობენ დიდი და პატარა უფროსების მდივნები (მრჩეველ-თანაშემწე-რეფერენტები, როგორც მათ ახლა უწოდებენ) მათთან ვაი-ვაგლახით დაკავშირების შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი წარმოდგენილია სულ სამი ნომრით: 28–27–23, 28–27–13, 28–27–36, რომლებზეც არასდროს არავინ პასუხობს!
თუმცა თავი დავანებოთ ჩინოვნიკებს! ოღონდ, როცა მორიგ ჯერზე დაიწყებენ კომუნისტური გადმონაშთების კრიტიკას, დაე, იცოდნენ (არ ვამბობ – გაიხსენონ: ჩვენს ხელმძღვანელთა უმეტესობა მაშინ ღამის ქოთნებზე იჯდა!), რომ იმ ეპოქის ნებისმიერ ხელმძღვანელს ჰქონდა მიღების დღეები და საათები, პირდაპირი ტელეფონები, რომლებსაც პასუხობდა! ხოლო თუ ვინმე „გაზულუქდებოდა“, რაიკომი და ცეკა ურჩ ჩინოვნიკს მაშინვე „ოყნას“ გაუკეთებდნენ (მისივე „კუჭის მოქმედებისათვის“).
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ შეუძლებელია „022“-ზე საპატრულო პოლიციასთან დაკავშირება, რომელიც ჩვენთვის დღეს უბნის ინსპექტორიცაა, „02“-ის ოპერატიული მუშაკიც, სისხლის სამართლის სამძებროც, „გაი“-ც, „პეპეეს“-იც და „დეპეეს“-იც! „ყველა ოპერატორი დაკავებულია!“ – ასე გვპასუხობს სამსახურის ავტომოპასუხე, რომელიც საქართველოს შს მინისტრის - ვანო მერაბიშვილის განცხადებით, არა რეპრესიული მექანიზმი, არამედ სერვისია მთელი საზოგადოებისთვის! თუმცა, თუ გამძარცვეს, შეურაცხმყვეს ანდა მომკლეს, არანაირი სერვისი აღარ დამჭირდება, გარდა შპს „ჰერმესის“ სერვისისა...
იგივე ხდება „03“-თან დაკავშირებითაც. „სასწრაფო დახმარების“ გამოძახება აბსოლუტურად შეუძლებელია და სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფნი იძულებული არიან, კომერციულ „სასწრაფო დახმარებას“ დაუკავშირდნენ, რომლის ვიზიტიც 50 ლარი ღირს (დადგენილი ტარიფით): სახელმწიფო დაწესებულებისგან განსხვავებით, რომელიც დედაქალაქის მერიის ბალანსზეა, აქ არ ითვალისწინებენ შეღავათიან კატეგორიებს (მოხუცები, ლტოლვილები და ა.შ.).
თბილისის მთავარი ელექტრო და წყალგამანაწილებელი – „თელასისა“ („2552“) და „თბილისის წყლისგან“ (93–11–11) განსხვავებით, რომლებთანაც ბოლო ხანს გახშირებულ „ავარიებთან“ დაკავშირებით დარეკვის იმედი ყველა თბილისელს გადაეწურა, მუსიკალური კომპოზიციის შემდეგ საკმაოდ ოპერატიულად გიპასუხებთ ქალაქის მერიის „ცხელი ხაზი“ (72–22–22). მაგრამ, რა შეღავათია?! მაგალითად, გუშინ, 19 დეკემბერს, მთელი კვირადღის განმავლობაში ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს წყალი არ მიეწოდებოდათ და მერიის დაპირების მიუხედავად – „ზომებს მივიღებთო“ – წყალმომარაგება მხოლოდ დღეს, 20 დეკემბერს აღუდგათ!
და რას აკეთებს ამასობაში ჩვენი მერი – „ხაბაზი და მჭედელი, სანტექნიკოსი და მომკელი“?! რას აკეთებს და ჩვენმა უგულავამ ევროპაში იგულავა: 18 დეკემბერს, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი სათაფლიის გამოქვაბულში სხდომას ატარებდა, თბილისის მერი პარიზში ხელს აწერდა შეთანხმებას საფრანგეთის კომპანია „სისტრასთან“, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში ტრამვაის ხაზების კეთილმოწყობის გეგმა უნდა შეიმუშაოს. უგულავას თქმით, „ტრამვაი თბილისის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება და დიდი მნიშვნელობაც ენიჭება ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით“.
აბა, როგორ უნდა დარჩე სრულ ჭკუაზე?! განა ეს ის მერი უგულავა არაა, რომელმაც 2006 წელს თბილისში ყველა ტრამვაის ხაზი ამოჩეხა?! ტრამვაი გამართულად მოძრაობდა თბილისში 1904 წლიდან მოყოლებული . რა სიახლეზეა საუბარი?! სიახლე იყო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი ჩამოწერილი ყვითელი ავტობუსები, რომლებსაც ვარდის კი არა, დიზელის საწვავის სუნი ასდიოდათ, რაც ქალაქის ბიუჯეტს, თავად უგულავას აღიარებით, თვეში 29 მილიონი დოლარი უჯდებოდა!