რელიგია
საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი.  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 83 წლის იუბილე მიულოცა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირი პრეზიდენტის საიტზე მისალოც წერილს ავრცელებს.

 "თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! ბედნიერებაა, როდესაც ერს ჰყავს ისეთი სულიერი წინამძღოლი, როგორიც თქვენ ბრძანდებით. თქვენი მრავალწლიანი, დაუღალავი მოღვაწეობა გზამკვლევია შინაგანი სრულქმნის გზაზე თქვენი მრევლისათვის. თქვენი პირადი ღვაწლი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში გვეხმარებოდა განსაცდელთაგან გაძლიერებულნი გამოვსულიყავით და მეტი შემართებით გაგვეგრძელებინა სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ. კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ჩვენ ქვეყანას", – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.