საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი, „ღმერთის შურისძიებით“ დაემუქრა საუდის არაბეთს ოპოზიციონერი შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯისთვის, ხოლო საუდის არაბეთმა ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა ირანი. ამ განცხადებებით კიდევ უფრო გამწვავდა ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე დემონსტრანტები შეიჭრნენ ირანში საუდის არაბეთის საელჩოში. საუდის არაბეთმა 2 იანვარს გამოაცხადა, რომ სიკვდილით იქნა დასჯილი 47 ადამიანი, მათ შორის შიიტი სასულიერო პირი, შეიხი ნიმრ ალ-ნიმრი და კიდევ სამი შიიტი დისიდენტი. საპასუხოდ ირანში რადიკალი დემონსტრანტები შეიჭრნენ საუდის არაბეთის საელჩოში, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, ქაღალდები გადმოყარეს საელჩოს სახურავიდან. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაკავებულ იქნა 44 დემონსტრანტი. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ 3 იანვარს დაგმო ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯა, მაგრამ ამავე დროს „სრულიად გაუმართლებელი“ უწოდა საუდის არაბეთის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრას.