საზოგადოება
„ჩვენ დავაბრუნეთ 25 წელი, რომელიც საქართველომ პირველი, მეორე და მესამე პრეზიდენტის დროს დაკარგა!“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ტელეარხ „GDS”-სის გადაცემა „2030“-ში ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია შეაფასა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა.

 „ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. თუმცა, პოლიტიკა, ისევე, როგორც ნებისმიერი სფერო, გამოცდილებას საჭიროებს. ჩვენ, 300 წლის განმავლობაში, ქვეყანა არ გვიმართავს და შესაბამისად, მართვის არავითარი გამოცდილება არ გვქონდა. ამიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - პირველი პრეზიდენტი საერთო ჯამში მოვკალით, მეორე - გავაქციეთ, მესამე კი, წასვლას საერთოდ არ აპირებდა. ჩვენმა ქვეყანამ 25 წელიწადი პირდაპირი მნიშვნელობით დაკარგა. ბოლო სამ წელიწადში, ჩემი, ირაკლის და მთელი გუნდის გადაწყვეტილებებით, ეს დაკარგული 25 წელიწადი დავიბრუნეთ...

 ის არჩევნები, რომელიც ჩვენ 2012 წელს ჩავატარეთ, არ იყო არჩევნები. ეს იყო ომი. ჩევნ ეს ომი ღირსეულად, სუფთა ხელებით მოვიგეთ. ჩვენ ეს ომი მოვიგეთ ისე, რომ მოწინააღმდეგე არ დავაზიანეთ ფიზიკურად, მაგრამ ვაჩვენეთ მათი ნამდვილი სახე.

 ...სიის შედგენაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებ. პროცესში აქტიურად ჩავერთვები და საკუთარ გუნდს მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები, რომ საზოგადოების საკუთარ ლიდერობაში დარწმუნება შეძლოს. ჩვენს მიერ დამკვიდრებულ ფასეულობებს გაღრმავება და გამაგრება სჭირდება. მთელმა საზოგადოებამ გაერთიანება და სწორი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოვახერხოთ“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.