საზოგადოება
„მე არ ვიცი ისეთი პრობლემები, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა” - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ტელეარხ „GDS”-სის გადაცემა „2030“-ში ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე ილაპარაკა. კარგი პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, წარმატებების ზენიტში დატოვა მან პოსტი. მან იმოღვაწა ძალიან წარმატებულად... ნათესავებთან დაკავშირებით იყო კითხვები, მეც მქონდა ამაზე რეაქცია და ირაკლიმ ღირსეულად გაართვა თავი ამ პრობლემას ძალიან მოკლე დროში , რომელიც ძალიან უმნიშვნელო თემებზე იყო წამოჭრილი.

 ოპოზიცია უმნიშვნელო თემების გაზვიადებას ცდილობდა. ნათესავების პრობლემას მე პირადადაც განვიცდი. ახლო ნათესავებს სურვილი აქვთ, ჩემი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ, რის გამოც, კონფლიქტი ხშირად მაქვს...  ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, გუნდი ინფორმირებული არ იყო. მე მას რამდენიმეჯერ შევხვდი. შეხედულებები ერთნაირი გვქონდა. განსხვავება მხოლოდ დროსთან დაკავშირებით იყო. ირაკლიმ ცოტა იჩქარა. შეიძლებოდა, გადადგომა უფრო გვიანაც მომხდარიყო. ოპონენტები ცდილობენ, ეს მე მომაწერონ, მაგრამ გადაწყვეტილება ირაკლიმ პირადად მიიღო.

 ირაკლი უმაღლესი თანამდებობიდან წავიდა და ბუნებრივია, დაბალი რანგის თანამდებობას აღარ მოისურვებს. მას არაფერი დაუშავებია, რომ უფრო დაბალი თანამდებობა დაიკავოს. გუნდში არავითარი პოლიტიკური თანამდებობის მიღებას არ აპირებს. ის თავდაუზოგავად, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობდა და ახლა დასვენება სურს. ჩემი კარი მისთვის მუდამ ღია იქნება. შეუძლია, ჩემი შესაძლებლობები როგორც საკუთარი, ისე გამოიყენოს.

 წასვლის ძირითადი მიზეზი ირაკლიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა. მთავარი აზრი იყო - წასვლა წასვლისთვის. ეს, ერთგვარად, ჩემი კურსის გაგრძელებაა. ერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი დემოკრატიით ევროპასაც გავაოცებდით. ღარიბაშვილის ნაბიჯმა კი, ეს გაოცება კიდევ უფრო გააღრმავა", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.