პოლიტიკა
„კვირიკაშვილის განცხადება, რომ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა გაგრძელდება, დაბალანსებული და გამართლებულია“ - კენეტ იალოვიცი

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ რუსეთთან "პრაგმატული პოლიტიკა" გაგრძელდება, "დაბალანსებული და გამართლებულია". ამის შესახებ იალოვიცი "ამერიკის ხმის" ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

 მისივე თქმით, აბაშიძე - კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა გაგრძელდეს. "აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების პრაქტიკული შედეგია ის, რომ შეზღუდულ ფორმატში აღდგა დიალოგი რუსეთთან. რასაკვირველია, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხების გადაუჭრელობის გამო ბევრი არაფერი შეცვლილა. ეს საკითხები, სავარაუდოდ, 2016 წელსაც გადაუჭრელი დარჩება, თუმცა აბაშიძე-კარასინის ფორმატის შენარჩუნება მნიშვნელოვანია", - განაცხადა იალოვეცმა.

 იალოვიცის თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. ყოფილი ელჩის აზრით, მეორე მნიშვნელოვანი ამბავია რუსეთის მთავრობის მზადყოფნა, საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეგულაციები შეუმსუბუქოს. "რუსეთის ეს ნაბიჯი, შესაძლოა, იმის აღიარება იყოს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა სტრატეგიული შეცდომა იყო. რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები სწორედ ამის შემდეგ გაიყინა. სეპარატისტული რეგიონების "დამოუკიდებლობა" არც ერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ არ აღიარა. ევროკავშირის გადაწყვეტილებამ, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, მოსკოვს საქართველოს მიმართ ამგვარი "ჟესტის" გაკეთებისკენ უბიძგა", - განაცხადა იალოვიცმა.

რაც შეეხება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, აშშ-ის ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით 2015 წელიც შესანიშნავი იყო. იგი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გააგრძელოს ჯარის რეფორმირება ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების მიზნით.