პოლიტიკა
“საქართველოში უნდა იყოს ერთი პარტია, რომელსაც ჰქვია ჩვენი სამშობლო და ყველანი უნდა ვიყოთ მისი წევრები” - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. „ჩვენ პატარა ქვეყანა და საზოგადოება ვართ, არ უნდა დავუშვათ, რომ დავიხლიჩოთ და დავხარჯოთ ენერგია, რომ ვუმტკიცოთ ერთმანეთს, ვინ უკეთესი ვართ“, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 „მინდა, მადლობა გადავუხადო ოპონენტებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ადვილად აუღო ალღო ახალ პოლიტიკურ რეალობას და გაწვდილი ხელი ჰაერში არ დატოვა. იმედი მაქვს, დანარჩენებიც დროთა განმავლობაში მოახდენენ ადაპტირებას ახალ პოლიტიკურ რეალობასთან. ერთადერთი სურვილი და მოლოდინი, რომელიც გამაჩნია, არის ის, რომ იმ წუთიდანვე, როგორც დამთავრდება კენჭისყრა, ჩვენს გუნდს მიეცეს საშუალება, დაიწყოს იმ პროექტების აღსრულება, რომლებზეც ორი დღის განმავლობაში ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, იქნება ბევრი პოლემიკა, მაგრამ იმედი მაქვს აღარ იქნება ისტერიკა და ქვეყნისთვის საჭირო ყველა გადაწყვეტილების კონსტრუქციული განხილვა შედგება. მინდა დაგიდასტუროთ სურვილი, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ადამიანებმა იცხოვრონ მშვიდად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა (ვიდეო იხ. აქ).

 „საქართველოში უნდა იყოს ერთი პარტია, რომელსაც ჰქვია ჩვენი სამშობლო და ყველანი უნდა ვიყოთ მისი წევრები. დიდი სურვილი მაქვს, ავაშენოთ ასეთი ქვეყანა და ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება, ამ პარტიაში, ამ სახლში შეიტანოს სითბო და შუქი, მიეცეს ამის საშუალება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 29 - 30 დეკემბერს ღამეს,  86 ხმით 28-ის წინააღმდეგ, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა შესაბამის აქტს, საქართველოს მოსახლეობას ახალი მთავრობის დამტკიცება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.