საზოგადოება
«გულმოცემული» უსუფაშვილი, ღარიბაშვილს სარკაზმით, ხოლო ივანიშვილს, როგორც «თანატოლს» ისე მოიხსენიებს»! - ჯუმბერ კირვალიძე

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი: „დიახ, ასე იცის «მოულოდნელმა ვიზიტმა» (გამოძახებამ!) ვაშინგტონში!.. შეგახსენებთ, რომ დეკემბრის თვეში, ისე რომ საჯაროდ არც დაანონსებულა, პარლამენტის თავმჯდომარე «რესპუბლიკელი» უსუფაშვილი აშშ–ში იმყოფებოდა და ამ ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდა, თითქმის «გასაიდუმლოებულ» ვითარებაში. ამის შედეგად, პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ყველასათვის მოულოდნელმა გადადგომამ, პარლამენტის თავმჯდომარე დ.უსუფაშვილზე, თუ ვიმსჯელებთ მისი რეაქციით, დიდად არ უმოქმედია, ამაზე მეტყველებს მისი საკმაოდ სარკასტულ–ირონიული გამონათქვამები, აი მაგალითად, დ.უსუფაშვილი:»მე ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს და საკუთარი მომავალი ამის შემდეგ დაგეგმოს». უფრო მეტიც, უსუფაშვილი თავს უფლებას აძლევს, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება (გადადგომა), «სამაგალითო» გახადოს სამარცხვინო მოსამართლე მურუსიძისათვის, მოუწოდებს რა მას, რომ «მურუსიძემ ღარიბაშვილს მიბაძოს და გადადგეს». აი, უსუფაშვილის ეს «რჩევა»:»რაც შეეხება კონკრეტულად ლევან მურუსიძესა და იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრის განცხადებას, ამ ხალხს ვურჩევ, მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილისგან აიღონ, რომელიც თანამდებობით მათზე მაღლა იდგაო“. «ზვიადი» უსუფაშვილი, უკვე არც ივანიშვილს «ერიდება» და უტოლებს რა თავს მას, აცხადებს, რომ – «საერთოდ, ღარიბაშვილი, უსუფაშვილი თუ ივანიშვილი ერთადერთნი და განუმეორებლები არ არიან — მჯობზე მჯობი არასოდეს დაილევაო». მოკლედ, ვაშინგტონიდან «გულმოცემული» უსუფაშვილი, – ღარიბაშვილს სარკაზმით, ხოლო ივანშვილს, როგორც «თანატოლს» ისე მოიხსენიებს»! ეს ყოველივე. მეც გარკვეულ ანდაზა–აფორიზმებს მახსენებს, მაგალითად აი ამას, – «თაგვმა თხარა, თხარაო და კატა გამოთხარაო». დიახ, 2011 წლის ოქტომბრიდან, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, ხოლო ერთ–ერთ მოკავშირედ დაბალ რეიტინგიანი «რესპულიკური პარტია» დაასახელა და მათ ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა, რაც პირნათლად შეუსრულა, სწორედ ამის შედეგია ის «პოლიტიკური თავხედობა», რაზეც ზევით მოგახსენეთ. ასე რომ, დღეს პოლიტიკური რეალობა ასეთია, რომ ივანიშვილის «გამოთხრილი რესპუბლიკელების» ხელისუფლების ზეობის ხანა «თანდათან» დგება, ბედკრულ საქართველოში!“.