საზოგადოება
კვირიკაშვილი “ძალიან შეშფოთებულია გაზრდილი რუსული პროპაგანდით საქართველოში“ და მის აღსაკვეთად „ყველა ფორმალურ და არაფორმალურ“ ზომას მიიღებს

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. „ნაციონალების“ შეკითხვას - თუ რას ფიქრობს ის და რას მოიმოქმედებს საქართველოში „გაზრდილ რუსულ პროპაგანდის“ საწინააღმდეგოდ, გიორგი კვირიკაშვილ ბევრჯერ მოუწია პასუხის გაცემა 28 და 29 დეკემბერს, უმცირესობასთან - ფრაქცია „ნაცმოძრაობასთან“ შეხვედრის და  მისი მოხსენების დროსაც.

 "მე თვითონ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო!" - უპასუხა კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ეკა ხერხეულიძის კითხვას, რომელიც რუსული გავლენის მქონე მედიის დაფინანსებას შეეხებოდა. დეპუტატმა კვირიკაშვილს კვლევის მასალების გაგზავნაც შესთავაზა (რის შესახებაც უწინ საქინფორმი იტყობინებოდა) და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დადასტურებულად აფინანსებს რუსული გავლენის მქონე მედიას, მაგალითად - ტელევიზია „ობიექტივს“.

 "გამომიგზავნეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსურდი, არამხოლოდ ვფიქრობ, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. მე თვითონ პირადად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო და ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება", - მიმართა ხერხეულიძეს კვირიკაშვილმა.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს „ყველა ფორმალურ და არაფორმალურ“ ზომას მიიღებს მის აღსაკვეთად და იმედოვნებს, რომ ამაში, კერძოდ - კონტრპროპაგანდის ნაწილში - მას ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები დაეხმარებიან.