საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის ქალაქ ლას–ვეგასში გაიმართა კონკურსი „მის სამყარო–2015“: გამარჯვებულის ბრილიანტებითა და ტოპაზებით შემკული გვირგვინი, რომლის ფასიც 300 ათას დოლარს აღემატებოდა, ფილიპინების წარმომადგენელს, 26 წლის პია ალონსო ვურტცბახს ერგო.
შოუს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია: თავდაპირველად წამყვანის, სტივ ჰარვის შეცდომის გამო, გვირგვინი 21 წლის კოლუმბიელ არიადნა გუტიერეს არევალოს გადასცეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც კოლუმბიელს შუბლი გვირგვინით შეუმკეს, ჰარვი გამოტყდა, რომ... არასწორად წაიკითხა სახელი მისთვის გადაცემულ ბარათზე! „სამწუხაროდ, პირდაპირი ეთერი ითვალისწინებს, რომ ადამიანს შესაძლოა შეცდომა მოუვიდეს, ამგვარი შეცდომის მხილველები გავხდით დღეს. გულწრფელად ვუბოდიშებთ „მის კოლუმბიასა“ და „მის ფილიპინებს, მათ ოჯახებსა და თაყვანისმცემლებს“, – დაწერეს მოგვიანებით თვითერზე კონკურსის ორგანიზატორებმა.
ამგვარად, მეორე ადგილი პრესტიჟულ შეჯიბრში არიადნა გუტიერესს არევალოს ერგო, მესამე კი აშშ–ის წარმომადგენელს, 27 წლის ოლივია ჯორდანს.