სამართალი
გიორგი პაპუაშვილთან ერთად, დავის მხარეები ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები იქნება - „ახალგაზრდა ადვოკატები“

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ტარიელ ტაბატაძის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებას ქ. ბათუმში, მდებარე გორგილაძის ქუჩა #37, ბ8, ყადაღა დაედო. აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომელიც უძრავი ქონების ყოფილი მეპატრონის, როლანდ ბლადაძის კანონიერ ინტერესებს იცავს.

 კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძე ამზადებს სარჩელს და 10 დღის ვადაში მიმართავს სასამართლოს. დავის მხარეები იქნებიან გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, დასახელებული სამინისტროების მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დანაშაული, რომელის ჩადენასაც ედავებოდნენ როლანდ ბლადაძეს, აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებით, ცალსახად არ დადასტურდა.